საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში, თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს. ბოლო გათხრების შედეგად ნეოლითის პერიოდის კიდევ რამდენიმე წიპწა აღმოჩნდა, გარდა ამისა, ღვინის ნაშთების პოვნის მიზნით მეცნიერებმა შეისწავლეს ნამოსახლარზე აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტი. ქიმიური ანალიზის შედეგად თიხის ჭურჭელზე ღვინის მჟავის კალციუმის მარილის არსებობა დადასტურდა. კერამიკული მასალის კედლებზე ღვინის მჟავის წყარო მხოლოდ ღვინო ან ყურძნის წვენი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენებმა დაადასტურეს, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.